Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის’’ მიერ, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, რეგისტრირებულია 1999 წლის 30 დეკემბერს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს #7/4-1350 დადგენილებით.

სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია” შეერწყა შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, რის საფუძველზეც 2011 წლის 5 სექტემბრამდე შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” წარმოადგენდა სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის” უფლებამონაცვლეს და შესაბამისად შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” პარტნიორს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 30 აგვისტოს #169 ბრძანების საფუძველზე შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” (საწესდებო) კაპიტალიდან ამოღებული იქნა შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” 100%-იანი წილი, შესაბამისად 2011 წლის 5 სექტემბრიდან შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” 100% წილის მფლობელად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სახელმწიფო. 2011 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიის 100% წილი მართვის უფლებით გადაეცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ოპერირებას უწევს სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” კუთვნილ მაგისტრალურ გაზსადენებს და მის ინფრასტრუქტურას, მათ შორის 1794,22კმ მაგისტრალურ გაზსადენებს (განშტოებებით და ლუპინგებით), 82 გაზგამანაწილებელ სადგურს, ასევე შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის კუთვნილ 29 და გარეშე ორგანიზაციების 186 გაზგამანაწილებელ სადგურს (სულ მომსახურეობაშია 297 გაზგამანაწილებელი სადგური). მაგისტრალური გაზსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას 3 ძირითადი მიმართულებიდან (აზერბაიჯანი, შაჰ-დენიზის საბადოები და რუსეთი) საქართველოს მომხმარებლებისათვის და გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში.

გაზსადენებს, რომლის გეომეტრიული მოცულობა შეადგენს 548.4 ათას მ3, საპროექტო გაანგარიშებით შესაძლებლობა აქვს წლიურად მიიღოს და გაატაროს 20 მლრდ. კუბურ მეტრამდე ბუნებრივი გაზი (საკომპრესორო სადგურების გათვალისწინებით).

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წარმოადგენს საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების ერთადერთ ლიცენზირებულ საოპერატორო კომპანიას ლიცენზიის მუდმივი ვადით (ლიცენზია – სერია 22, №004 გადაწყვეტილება №21/1 10,12,2009წელი)

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური ექსპლუატაციის“, „მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო ექსპლუატაციის“ და “ბუნებრივი გაზის ბაზრის” წესებით.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.