Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მაგისტრალური გაზსადენებით ახორციელებს  საქართველოს ქალაქების, სოფლების, წარმოება-დაწესებულებების და მსხვილი სამეურნეო ორგანიზაციების ბუნებრივი გაზით მომარაგებას და გაზის ტრანზიტს სომხეთში.

 

წარსულში საქართველოს მომხმარებლებს გაზი  მხოლოდ რუსეთიდან მიეწოდებოდათ. ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობის გაზმომარაგებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა ბუნებრივი გაზით მომარაგების ალტერნატიული წყაროების ძებნამ.

 

საქართველოს შეუფერხებელი და საიმედო გაზმომარაგების მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დამუშავდა საქართველოსათვის ბუნებრივი გაზის შემოტანის რამოდენიმე ვარიანტი.

 

1. საქართველოს გაზმომარაგება მხოლოდ რუსული გაზით;
2. საქართველოს გაზმომარაგება აზერბაიჯანისა და შაჰ-დენიზის გაზით;

3. საქართველოს გაზმომარაგება რუსული, აზერბაიჯანისა და შაჰ-დენიზის გაზით;

 

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველაზე სრულყოფილ და საიმედო ვარიანტად იქნა მიჩნეული მე-3 ვარიანტი, ანუ საქართველოს გაზმომარაგება ერთდროულად სამი ალტერნატიული წყაროდან. კომპანიის სამოქმედო გეგმა სწორედ ამას ითვალისწინებს.

საქართველოს მაგისტარლური გაზსადენის სისტემა 1959 წლიდან ფუნქციონირებს, როცა ექსპლუატაციაში შევიდა ამიერკავკასიაში პირველი მაგისტრალური გაზსადენი – ყარადაღი-თბილისი. საწყის ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებდა 500 მმ დიამეტრის 50 კმ სიგრძის გაზსადენი წითელი ხიდიდან თბილისამდე. ექსპლუატაციაში იყო გარდაბნის, რუსთავის და ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურები. 1963 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ორჯონიკიძე-თბილისის 700 მმ-იანი გაზსადენი, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა ბუნებრივი გაზით ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი წყაროდან – რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან მომარაგებულიყო.

 

19671968 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა ყარადაღ-თბილისისა და ორჯონიკიძე-თბილისის პარალელური 700 და 800 მმ-იანი გაზსადენები. 1979-80 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს 1000 მმ-იანი ყაზახ-საგურამოს 89 კმ-იანი, ხოლო 1988 წლიდან 1200 მმ-იანი ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის გაზსადენები.

1969 წლიდან ფუნქციონირებს საგურამოს, ხოლო 1980-81 წლებიდან ქვეშეთის საკომპრესორო სადგურები. საქართველოს მაგისტრალური გაზსადენებით ხორციელდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საქართველოს ობიექტებისათვის და სატრანზიტო მომსახურება სომხეთისათვის. მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციას ახორციელებენ ყაზბეგის, ქვეშეთის, საგურამოს და თერჯოლის სახაზინო საექსპლუატაციო ფილიალები.

 

საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემა მოიცავს შემდეგ გაზსადენებს: “ჩრდილოეთ კავკასია-სამხრეთ კავკასია”, “ვლადიკავკაზ-თბილისი”, “ყაზახ-საგურამო”, “ყარადაღ-თბილისი”, “გარდაბანი-ნავთლუღი”, “ნავთლუღი-საგურამო”, “გარდაბანი-ნავთლუღი-საგურამო”, “რუსთავი-თელავი-ჟინვალი”, “წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქი”, “ქოთელია-ასპინძა”, “ასპინძა-ახალციხე”, “საგურამო-ქუთაისი”, “გომი-ხაშური-ბაკურიანი”, “გორი-ქარელი-ხაშური”, “ქუთაისი-სოხუმი”, “ზესტაფონი-ფოთი”. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ექსპლუატაციას უწევს 1851.43 კმ სიგრძის მაგისტრალურ გაზსადენებს, (მათ შორის მაგისტრალური გაზსადენებია 1482.6 კმ, განშტოებები 355.96 კმ, შემკრავები 12.87 კმ.) 140-ზე მეტ დიდ და მცირე გაზგამანაწილებელ სადგურს. გაზსადენები გაყვანილია რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში, კვეთს 600-ზე მეტ ბუნებრივ და ხელოვნურ ზღუდეს. გაზსადენების 9 კმ გაყვანილია ხელოვნურად აგებულ 14 გვირაბში.

გაზის ტრანსპორტირების კომპანია მაგისტრალური გაზსადენების მართვას სამი  ფილიალის მეშვეობით ახორციელებს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.