გაზიფიცირების სამუშაოები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

10/09/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სვირის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  აშენდა 10 175 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 147 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.
გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, ამჟამად,  მიმდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მარტოთუბნის, რკვიასა და სანახშირეს გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები, სადაც ჯამში აიგება 53498 მეტრი გაზსადენი და 505 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. 2019 წელს არის დაგეგმილი და უახლოეს მომავალში დაიწყება, კიდევ 4 სოფლის: ტაბაკინის, ზედა და ქვედა კლდეთისა და თრვინის გაზიფიცირების საჭირო სამუშაოები.
2019 წელს მომზადდა სოფელ საღვინეს გაზიფიცირებისათვის საჭირო პროექტი, ხოლო 2020 წელს პროექტის მიხედვით დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
მიმდინარე წელს განხორციელდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის წინასაპროექტო მოკლვევა, რომელიც შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.