გაზიფიცირების სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში

15/05/2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მიმდინარე წლის ივლისში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება, რომელიც შემოდგომისას დასრულდება და 290 კომლს ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მიეცემა. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განახორციელებს. აღნიშნული სიახლისა და სხვა სამთავრობო პროგრამების შესახებ სოფლის მოსახლეობას ესაუბრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ასევე „ქართუ ჯგუფისა“ და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სოფელ ძველი ხიბულას გაზიფიცირების სამუშაოები, მთავრობის სამწლიანი გეგმის ფარგლებში წარიმართება. აღნიშნული გეგმის მიხედვით გაზიფიცირება 226 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც სამეგრელოს რეგიონში, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. მათ შორის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს.