გაზიფიცირების პროექტები სამეგრელოს რეგიონში

08/11/2018

შპს “საქართველოს გაზის ტერანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნოსირში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში აშენდა 13011 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი და სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ხსენებული სოფლის 256 ოჯახს მიეცემა. გარდა მეორე ნოსირისა, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები სენაკის კიდევ 5 სოფელში - გეჯეთში, ნოქალაქევში, ძველ სენაკში, ზედა და ქვედა სორტაში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აშენდება 109396 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი და ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა 1580 კომლს.
 სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - თეკლათის, საგვარამიოსა და ახალსოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
ჯაბა ხმალაძე, ნათია თურნავასთან ერთად სოფელ თეკლათში წითლაძეების ოჯახს ეწვია, სადაც გაზიფიცირების პროექტის დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღნიშნა. ხსენებული პროექტის ფარგლებში შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტურების კომპანიის” მიერ 52251 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი აშენდა, ხოლო ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა თეკლათის, საგვარამიოსა და ახალსოფლის 905 ოჯახს მიეცა, რაც გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.