2013 წლიდან, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაევალა, რომლის განხორციელება აქტიურად დაიწყო. გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2013-2018 წლებში, 378 დასახლებულ პუნქტში 108 667 აბონენტს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
2014-2015 წ.წ დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება, რის შედეგადაც სისტემაში ჩაერთო 13 459 ოჯახი.
2019 წელს ხელისუფლების მიერ, შემუშავდა გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა, რომლის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირდა 384 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები დაახლოებით 83 ათასი აბონენტი. 432 დასახლებულ პუნქტში შესრულდა წინასაპროექტო მოკვლევის სამუშაოები და შემდგომი ინიციირებისთვის წარედგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
სამწლიანი პროექტის დასრულების შემდეგ, განისაზღვრა პრიორიტეტები და საჭიროებიდან გამომდინარე, შედგენილ იქნა 2022-2024 წლების გაზიფიცირების გეგმა, რომლის მიზანი გახლდათ დამატებით 244 დასახლებულ პუნქტში კიდევ 40 000-მდე აბონენტის გაზიფიცირება.
აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს 10 რეგიონის, 23 მუნიციპალიტეტის, 84 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების დასრულების შემდეგ 12 250 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. დასრულებულია 20 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა 3 169 აბონენტს. განხორციელდა 65 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება 897 121 გრძივი მეტრი გაზსადენი, 11 ათასზე მეტი აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. არსებული სამწლიანი გეგმის ფარგლებში 2024 წლისთვის დაგეგმილია 75 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გაზსადენის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 617 779 გრძივი მეტრი იქნება და დაახლოებით 10 ათას აბონენტს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
2013-2023 წლებში, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირდა 782 დასახლებული პუნქტი და 193 395 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. აღნიშნული 10 წლის განმავლობაში გაზიფიცირების განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში ჩვენი კომპანიის დაკვეთით აშენდა 10 936 331 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი. მათ შორის 120 054 გრძივი მეტი სიგრძის მქონე მაღალი წნევის მკვებავი გაზსადენი, რომელმაც უზრუნველყო არაერთი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება. ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. დაგეგმილი სამუშაოების შესრულების შემდეგ, 2025 წლისთვის ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93 % -ს მიაღწევს.