56 წელი გაზის ტრანსპორტირების სამსახურში
11.07.2020
დღეს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალური გაზსადენების ექსპლოატაციის სამმართველოს უფროსი, ბატონი გიორგი შაშვიაშვილი, იუბილარია.
ბატონმა გიორგიმ, ბატონმა გიამ, როგორც მას თანამშრომლები და მეგობრები მიმართავენ, 1964 წლიდან, მაშინდელი „თბილგაზის“ რაიონის კანტორაში დაიწყო ზეინკლად მუშაობა, გახდა ოსტატი, ჩააბარა მისაღები გამოცდები „საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში“ და სწავლა წარმატებით შეათავსა შრომით საქმიანობას. შემდეგ იყო თავდაუზოგავი შრომა და წინსვლა სამსახურის ასპარეზზე: სხვადასხვა დროს იყო თბილისის გაზმომარაგების სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ტრესტ „თბილგაზის“ გაზმომარაგების რეჟიმებისა და გაზის აღრიცხვის სამსახურის უფროსი, სს „თბილგაზის დირექტორის მოადგილე და დირექტორი; შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დეპარტამენტის უფროსი, დირექტორის მოადგილე და დირექტორი. მისი მოღვაწეობის პერიოდში განხორციელდა ქ.თბილისის მთლიანი და საქართველოს ბევრი რეგიონის გაზიფიცირების სამუშაოები, რაშიც მას, სხვა ხელმძღვანელ მუშაკებთან ერთად, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
ალბათ, მისი უღალატო ბუნებიდან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ მთელი თავისი 56 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ერთხელაც კი არ გაუხედავს სხვა დარგისა და სხვა სამსახურისკენ, დარჩა თავისი საქმის მოყვარულ და ერთგულ ადამიანად. ბატონი გიორგი, წარმატებულ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით, დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნებით და სიგელებით. ყველაზე დიდი ჯილდო კი ის სიყვარული და პატივისცემაა, რასაც მისი კოლეგები, მეგობრები და ახალგაზრდები გამოხატავენ მის მიმართ, რომელთაც ყოველთვის უშურველად უზიარებდა თავის ცოდნას და გამოცდილებას.
კომპანიის დირექტორატი და მისი თითოეული თანამშრომელი სულითა და გულით ულოცავს ბატონ გიას დაბადების დღეს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებს პირად ცხოვრებასა და შრომით საქმიანობაში.