სენაკში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს
29.11.2017
გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში. აღნიშნულ სამუშაოებს ქვეყნის მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა სოფელ შუა ნოსირში მცხოვრებ 223 ოჯახს, ნოსირში კი 217 აბონენტს. გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს თეკლათში - 260, სოფელ საგვარამიოში - 185, ასევე ახალსოფელში მცხოვრები 460 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. სენაკის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების სამუშაოების ფარგლებში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა სულ 1345 ადგილობრივ ოჯახს მიეცემა. პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში სულ 79.044 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ როლი მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავი მომარაგებისთვის საჭირო ღნისძიებების განხორციელებაში. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ სულ 16 მუნიციპალიტეტის 73 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების განხორციელება დაევალა. ამავე განკარგულების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალი 27 მლნ ლარით გაიზარდა.