აჭარისა და გურიის რეგიონის ნაწილს გაზის მიწოდება შეეზღუდებათ
05.02.2018
06.02.2018 შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „ქუთაისის - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლად აშენებული მონაკვეთების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ შესრულდება, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 50-80 მეტრის მოშორებით ახალ დერეფანში აშენებული: 23-ე კმ-ზე და 34-ე კმ-ზე 700 მ-მდე სიგრძის D 508 მმ-იანი ახალი გაზსადენების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 6 თებერვალს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონის ნაწილს. მოსახლეობას გაზის მომარაგება აღუდგება ეტაპობრივად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სუფსა გადმოვიდა კალაპოტიდან, რამაც გამოიწვია მარჯვენა ნაპირის გარეცხვა და ზემოთ აღნიშნული გაზსადენის 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთთან 80 მ-მდე და 34-ე კმ-ზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან 100 მ-მდე სიგრძის მონაკვეთების დაზიანება. რამაც საფრთხე შეუქმნა აჭარისა და გურიის რეგიონის უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განხორციელებული სამუშაოები კი უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას.