"ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოები მიმდინარეობს

19.03.2018
  „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული მონაკვეთების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ 700მეტრამდე სიგრძის D 508 მმ-იანი ახალი გაზსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები განხორციელდება. ახალი გაზსადენის შეჭრა მოქმედი „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 23-ე და 34-ე კმ-ზე მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 50-80 მეტრის მოშორებით ახალ დერეფანში მოხდება. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც  2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სუფსა კალაპოტიდან გადმოვიდა, მარჯვენა ნაპირი გარეცხა,  „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენის 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთთან 80 მ-მდე,  34-ე კმ-ზე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან 100 მ-მდე სიგრძის მონაკვეთები დააზიანა, აქედან გამომდინარე,  საფრთხე შეექმნა აჭარისა და გურიის რეგიონების უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს.