საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესი გრძელდება
03.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, სენაკის (გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა, ქვედა სორტა), ლაგოდეხის (დავითიანი, შეერთება, ქვემო გურგენიანი, ზემო გურგენიანი, ხიზაბავრა, ზემო ხიზა) დედოფლისწყაროსა (არხილოსკალო, ქვემო ქედი) და თერჯოლის (ჩიხორი) მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. ჯამში აიგება 203654 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელიც 3778 აბონენტს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. მალე სამუშაოები დაიწყება დედოფლისწყაროს კიდევ 3 სოფელში: საბათლო, ფიროსმანსა და სამთაწყაროში, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთვება 742 ოჯახი. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.