ბუნებრივი გაზის როლი ენერგეტიკულ ბაზარზე

01.11.2022

„ბუნებრივი გაზის როლი ენერგეტიკულ ბაზარზე“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მენეჯმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო და ფედერალურ უწყებებთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ.  მიმდინარე წლის 1-22 ოქტომბერს აშშ-ში საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის ფარგლებში (IVLP) შემდგარ შეხვედრებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე რევაზ ჩიკაშუა და სტრატეგიული დაგეგმვისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ დვალი დაესწრნენ. შეხვედრები ვაშინგტონში, ოჰაიოს, ტეხასისა და კოლორადოს შტატების ქალაქებში გაიმართა.

პროექტი მოიცავდა შეხვედრებს კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან. მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ფედერალურ მარეგულირებელ კომისიაში, ცალკეული შტატების მარეგულირებელ და ენერგეტიკულ კომპანიებთან, რომლებიც ბუნებრივი გაზის გადაცემას, განაწილებასა და მოპოვებას ახორციელებენ.

აღნიშნული შეხვედრები მრავალმხრივ იყო საინტერესო ჩვენი მონაწილეებისათვის, რამდენადაც მათ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ აშშ-ში ბუნებრივი გაზის სექტორის სამართლებრივ და მარეგულირებელ საკითხებს, საოპერაციო და საბაზრო ასპექტებს, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით ბუნებრივი გაზის მოპოვების ტექნოლოგიაში მიღწეულ პროგრესს, ასევე ბუნებრივი გაზის მზარდ როლს ეკონომიკის განვითარებაში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.