შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მდინარე სუფსაზე წყალამრიდი დეზი მოაწყო

09.10.2024

დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ მნიშვნელოვნად დააზიანა „ქობულეთის განშტოების“ DN 500 მმ მაგისტრალური გაზსადენი. აღნიშნული მილსადენის 23,5 კმ-ზე  გამოირეცხა მარჯვენა ნაპირი, რის გამოც გაზსადენის 95 მეტრიანი სექცია დაზიანდა და  საფრთხე შეექმნა მთლიანად აჭარისა და გურიის რეგიონების გაზმომარაგებას.

ექნიკურმა პერსონალმა ადგილზე არსებული სიტუაცია დეტალურად შეისწავლა, რის შემდეგაც გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მდინარის ნაკადის მიმართულების შეცვლის  სამუშაოები შესრულდა და მოეწყო წყალამრიდი დეზი.

პროექტის ფარგლებში,  300მ სიგრძის, 25მ სიგანის და 2,5მ სიღრმის კალაპოტი გაიჭრა, რამაც უზრუნველყო გაზსადენის გამორეცხილი მონაკვეთიდან წყლის ნაკადის მოცილება. სს ,,ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადმოცემული რკინა-ბეტონის ბლოკების გამოყენებით მოეწყო საპრევენციო წყალამრიდი „დეზი“ და ექსკავირებული გრუნტით დაიფარა დაზიანებული მონაკვეთი. 

შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მაგისტრალური გაზსადენის საიმედოობა, რაც უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის  უსაფრთხო და უწყვეტ გაზმომარაგებას.