GGTC-ი მონაწილეობდა კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში

12.04.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, მიმდინარე წლის 12 აპრილს, მონაწილეობა მიიღო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  USAID ენერგეტიკული პროგრამის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში. კომპანიის წარმომადგენელმა, ნუგზარ დვალმა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის წარმომადგენლები, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. ღონისძიება მიმართულია საქართველოს მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებისთვის და იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას განხილულ იქნას ენერგეტიკული უსაფრთხოების კრიტიკული საკითხები. ღონისძიების მიზანია, სამუშაო ჯგუფის  წევრებმა მიაღწიონ შეთანხმებას ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე.