აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
04.02.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, აჭარის რეგიონში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. 3 მუნიციპალიტეტის ქობულეთის, ქედასა და ხელვაჩაურის 18 სოფელში: აგარაში, ყოროლისთავში, ქედაში, ქვედა ზენდიდში, ზენდიდში, გულებში, ხუნკუდაში, დაბა ქედაში, ერგეში, ზედა ერგეში, ზედა ჯოჭოში, ქვედა ჯოჭოში, კიბეში (ოფე-დერე), კაპნისთავში, აჭარისწყალში, ხერთვისში, დაბა ჩაქვის აჭარის უბანსა და ხალაში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 213 772 გრძივი მეტრი გაზსადენი და 3124 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. აღნიშნული სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გორგაძეებში. რომელიც აპრილში დასრულდება. პროექტის ფარგლებში 28382 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება და 355 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
2019 წელს, კომპანიამ ინტენსიური სამუშაოები აწარმოა წინასაპროექტო მოკვლევის კუთხითაც. ხუთი მუნიციპალიტეტის: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო 202 დასახლებულ პუნქტში შეისწავლა შემდგომი გაზიფიცირებისათვის საჭირო საკითხები. სამუშაოები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შედეგები შემდგომი ინიცირებისათვის წარედგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.