13 ივნისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა და რეგიონში მიმდინარე გაზიფიცირების პროექტები გააცნო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის 23 დასახლებულ პუნქტში. (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 13 დასახლებული პუნქტი, ქედის მუნიციპალიტეტის 6 დასახლებული პუნქტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 3 და შუახევის მუნიციპალიტეტის 1 დასახლებულ პუნქტში). საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ოქტომბერში დასრულდება და მისი ჯამური ღირებულება 692 000 ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდგომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო პროცედურები. მშენებლობის სავარაუდო ღირებულებაა 15 500 000 ლარი. სამუშაოების დასრულების შემდგომ 4000 ოჯახს შეეძლება ჩაერთოს გაზიფიცირების საერთო ქსელში.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2 ჯგუფი, ინტენსიურ სამუშაოებს წარმართავს, ხუთი მუნიციპალიტეტის: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო 202 დასახლებულ პუნქტში და შეისწავლის შემდგომი გაზიფიცირებისათვის საჭირო საკითხებს. სამუშაოები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და შედეგები წარედგინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდგომი ინიცირებისათვის.
მოსახლეობის გაზიფიცირების
2019-2021 წლის გეგმაში დიდი ადგილი უჭირავს აჭარის რეგიონს. 23 დასახლებულ პუნქტში პროექტირება დაწყებულია, ხოლო 202 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება წინასაპროექტო მოკვლევა.