დაბა მანგლისი გაზიფიცირებულია

23.07.2021

მიმდინარე წლის 23 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, ახლად აშენებული გაზსადენი დაათვალიერეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ხახუბია,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დემეტრაშვილი, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

დაბა მანგლისი აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული, ამიტომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. აშენდა 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 48 180 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1558 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულებამ 11 მილიონ 163 418 ლარი შეადგინა.

დღეს, ნათია თურნავა და მიხეილ შალამბერიძე, ლალი კუბათაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ, სადაც გაზიფიცირების პროექტის დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღნიშნეს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ კუბათაშვილების ოჯახს, გაზქურა საჩუქრად გადასცა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, სულ გაზიფიცირდება 29 სოფელი, რაც მოიცავს 7 870 აბონენტს.