შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინიციატივით ტექნიკური პერსონალის გადამზადების მიზნით ტრენინგი ჩატარდა

10.06.2022
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცენტრალურ ფილიალში, საგურამოში, კომპანიის ტექნიკური პერსონალის გადამზადების მიზნით, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: გაზსადენი და რედუცირება.
კურსის ჩატარება აუცილებელი გახდა, რადგან ექსპლუატაციაში შევიდა გაზსადენთა სისტემის ახალი სახეობის - UF ტიპის და RDS მოდელის რეგულატორები, რომელიც პირველად მზადდება საქართველოში შპს სამეცნიერო-საწარმოო კომპანია „სვობის“ მიერ. აღნიშნულ რეგულატორი, თავისი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, არ ჩამოუვარდება ანალოგიურ ევროპულ ნაწარმს.
კურსის ფარგლებში განხილულიქნა UF ტიპის და RDS მოდელის რეგულატორების მუშაობის პრინციპები. ტრენინგ-პროგრამის თეორიული ნაწილი ასევე მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გაზსადენთა სისტემის მართვა, წნევების რეგულირება შესაბამისი მარეგულირებელი მოწყობილობების - რეგულატორების საშუალებით, რედუცირების მეთოდები და მომხმარებელთა გაზმომარაგების მიზნით გაზგამანაწილებელ სადგურებში დასამონტაჟებელი რეგულატორის ტიპები.
ღონისძიების ფარგლებში, თეორიული ნაწილის დასასრულს, რეგულატორების კონსტრუქციულ მოწყობასთან დაკავშირებით პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა სამეცნიერო-საწარმოო კომპანია „სვობის“ გენერლური დირექტორი, ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, მე-3 დონის დეფექტოსკოპისტი - თემურ რიგიშვილი. ღონისძიებას დაესწრნენ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ საგურამოს ცენტრალური, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფილიალების, ასევე კახეთის სამმართველოს ტექნიკური პერსონალი. კურსში მონაწილეობდნენ კომპანიის ცენტრალური აპარატის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებიც.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სისტემატურად ახორციელებს კომპანიის პერსონალის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგ–პროგრამებს, რაც ხელს უწყობს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების ექსპლუატაციისა და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მაღალკვალიფიციურ შესრულებას.