შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კომპანიაში მიმდინარე წლის 28 ივლისს გაიმართა და მას გენერალურ დირექტორთან ერთად კომპანიის მმართველი გუნდი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის „სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესახებ’’ განკარგულების თანახმად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ 7 სახელმწიფო საწარმოთაგან ერთ-ერთია, რომელზეც აღნიშნული განკარგულების მოთხოვნები ვრცელდება. ამავე განკარგულების მიხედვით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ უნდა შეიმუშავოს კორპორაციული განზრახვის განაცხადი - დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დადგენილი რისკების ფარგლებში საწარმოს მიერ მისაღწევ ფინანსურ და არაფინანსურ მიზნებს.
ვინაიდან კორპორაციული განზრახვის განაცხადი წარმოადგენს ახალ დოკუმეტს, რომლის შექმნის პრაქტიკაც საქართველოში არ არსებობს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამავლობითა და თანამშრომლობით, აზიის განვითრების ბანკის უშუალო დახმარებითა და თანადგომით შეიქმნება აღნიშნული დოკუმენტი. სწორედ ეს საკითხი იყო შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მმართველი გუნდისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების შეხვედრის მთავარი თემა.