გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის 90.0 და 103.0კმ.-ზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით,არსებული დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.
აღნიშნულ მილსადენზე შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა.
ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.