შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ბატონი მიხეილ შალამბერიძე „ენერგეტიკული გაერთიანების“ დირექტორს, ბატონ არტურ ლორკოვსკის შეხვდა

01.04.2022

მიმდინარე წლის 30 მარტს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დელეგაცია, მისი ახალი დირექტორის, ბატონი არტურ ლორკოვსკის ხელმძღვანელობით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურ დირექტორს, ბატონ მიხეილ შალამბერიძეს და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ბახტაძეს შეხვდა. მხარეებმა სამუშაო ხასიათის შეხვედრაზე მიმოიხილეს გაზის სფეროში მიმდინარე რეფორმები, რომლის მიზანი ევროპული კანონმდებლობასთან დაახლოებაა. კერძოდ, ქართული მხარის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს გაზის სექტორში მიმდინარე პროცესები, კომპანიების მუშაობის ძირითადი მიმართულებები და მათ მიერ შესრულებული სამუშაო.

შეხვედრაზე „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომპანიის განცალკევების პროცესის მიმდინარეობაზე, რომელთან დაკავშირებითაც აღნიშნეს, რომ კომპანიის კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულებულია და გამოითქვა ორმხრივი პოზიტიური მოლოდინი მის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო გაზის ბირჟის განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრის დასასრულს სამდივნომ გამოთქვა ქართული მხარის მიმართ დახმარების გაწევის მზაობა ბუნებრივი გაზის სექტორში რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში.