გაზიფიცირების სამუშაოები აჭარაში

19.06.2024

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა შენდება ისეთ დასახლებებში, სადაც ბუნებრივ აირს მოსახლეობა არასდროს მოიხმარდა. გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.

ამჟამად გაზიფიცირების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში -  მაჭახლისპირში, სინდიეთში, აჭარისაღმართში, ქვედა ჩხუტუნეთსა და ჩიქუნეთში მიმდინარეობს, სადაც ჯამურად აშენდება  65,565 გრძივი მეტრი გაზსადენი, 360 ადგილობრივ აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის საფუძველზე, აჭარაში სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში, დაბა ხულოსა და დაბა შუახევში. მომდევნო წლებში,  აჭარის რეგიონში, დაგეგმილია დამატებით  31 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც  2,438 აბონენტს მოიცავს.

აჭარაში გაზიფიცირების პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება. ამ დროისათვის ბუნებრივ აირზე წვდომა უკვე აქვს 118 000-ზე მეტ აბონენტს, რაც მთლიანი რეგიონის 80 %-ზე მეტია.