გაზიფიცირების პროექტები შიდა ქართლში

14.11.2018
14 ნოემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავასთან ერთად, შიდა ქართლს ესტუმრა და ადგილობრივ ხელისუფლებისა და "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიცირებული სოფლები დაათვალიერა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აიგო 31,889 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელმაც 900 კომლს შესაძლებლობა მისცა ისარგებლონ ბუნებრივი გაზით. სამუშაოების დასრულება ადგილობრივი მცხოვრების ნინო თანდილაშვილის ოჯახში ბუნებრივი გაზის სიმბოლურად ანთებით აღინიშნა. გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ასევე დასრულდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში. პროექტის ფარგლებში აშენდა 15,595 გრძივი მეტრი გაზსადენი, რამაც უზრუნველყო 512 ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების დასრულება რამაზ სოტიაშვილის ოჯახში ბუნებრივი გაზის სიმბოლურად ანთებით აღინიშნა. 2013 წლიდან დღემდე შიდა ქართლში 129 სოფლის 28,213 აბონენტია გაზიფიცირებული. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.