გაზიფიცირების სამუშაოები დედოფლისწყაროში

07.06.2020
მიმდინარე წლის 6 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს. ზემო ქედში, ქვემო ქედში, არხილოსკალოში, საბათლოში, ფიროსმანსა და სამთაწყაროში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 172 514 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 3062 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულებამ 6 419 090 ლარი შეადგინა
სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები მარიამ ბექაურისა და სოფელ ქვემო ქედში მცხოვრები ნიკო ქისტაურის ოჯახებში ბუნებრივი გაზის გაზქურები პირველად აინთო.
გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ასევე დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოეთსა და თავწყაროში. პროექტის ფარგლებში აშენდა 8659 გრძივი მეტრი გაზსადენი, რამაც უზრუნველყო 141 ადგილობრივ მოსახლეს ესარგებლა ბუნებრივი გაზით.
გაზიფიცირების 2019-2021 გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 4 707 768 ლარია და 1 650 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.