გაზიფიცირების სამუშაოები აჭარაში

19.09.2023

 

19 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე, დაბა ხულოში, გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების პროცესს გაეცნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე.

დაბა ხულოში მშენებარე გაზსადენის საერთო სიგრძე, როგორც პროექტით არის განსაზღვრული, 6 426 გრძივი მეტრი იქნება და ის 363 ადგილობრივი მოსახლის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. სამუშაოების ღირებულება 745 528  ლარს შეადგენს. 

აჭარის რეგიონში, ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 4 მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში, რომლის დასრულების შემდეგ 1 535 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. 

მთავრობის მიერ დამტკიცებული, გაზიფიცირების  2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში, აჭარაში, 35 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რომელიც 3 696 პოტენციურ აბონენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.  

გასულ წლებში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, აჭარაში 40 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ღირებულებამ 27 116 690 ლარი შეადგინა.