გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

30.06.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. მიუხედავად იმ შეფერხებებისა, რაც ზოგადად, ბოლო პერიოდში გამოიწვია პანდემიამ, არც ერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები.
გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მთავრობის მიერ შემუშავდა, ამჟამად კომპანია ქვეყნის 10 რეგიონის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, რაჭის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის, 134 დასახლებულ პუნქტში სამუშაოებს  ახორციელებს. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდგომ კი, 25 947 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 384 დასახლებული პუნქტი, რომელიც 88 363 აბონენტს მოიცავს. აღნიშნულისთვის 270 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამჟამად, სამუშაოები დასრულებულია 84 დასახლებულ პუნქტში, აშენდა 3 მკვებავი გაზსადენი.