გაზიფიცირების სამუშაოები იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს
12.11.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. მიუხედავად იმ შეფერხებებისა, რაც ზოგადად, ბოლო პერიოდში გამოიწვია პანდემიამ, არც ერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები.
სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის 15 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 211 020 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 2692 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, იმერეთის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 66 სოფელი, რაც 10 169 აბონენტს მოიცავს. ამჟამად, დასრულებულია 7 მუნიციპალიტეტის 31 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 390 004 გრძივი მეტრი გაზსადენი და 5029 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
2013 წლიდან - დღემდე, იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 11 მუნიციპალიტეტის 90 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების შედეგად აშენდა 1 334 259 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 28 104 აბონენტი.