გაზიფიცირების სამუშაოები კახეთის რეგიონში

04.12.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.
სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 45 986 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 526 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
 ამჟამად, დასრულებულია 13 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 77 580 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 972 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
2013 წლიდან - დღემდე, კახეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 8 მუნიციპალიტეტის 97 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების შედეგად აშენდა 920 521 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 22 097 აბონენტი.
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში კახეთის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 19 სოფელი, რაც 1498 აბონენტს მოიცავს.