გაზიფიცირების სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტში

19.11.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბულიწყუსა და ახალ ხიბულაში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  ორივე სოფელში 37 860 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდა, რომლის საშუალებითაც  649 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. მშენებლობა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამურმა ღირებულებამ 977 082 ლარი შეადგინა.
გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში, ამჟამად დასრულებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის: ჩხორიას, დავითიანის, ოქტომბერისა და დიდი ნეძის კახათის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. იმისთვის, რომ 1085-მა ადგილობრივმა მკვიდრმა შეძლოს ბუნებრივი გაზით სარგებლობა, აშენდა 79 093 გრძივი მეტრი გაზსადენი.
სამუშაოები მიმდინარეობს სამეგრელოს რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის: ზუგდიდის, ხობისა და  სენაკის 8 სოფლის: ჭაქვინჯის, ძველი ხიბულას, შხეფის, ტყირის, კოტიანეთის, საქირიოს, საკუკავოსა და ხამისკურის გაზიფიცირებისათვის.
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში შენდება მკვებავი გაზსადენი და ეწყობა ქსელი.  ჯამურად ორივე მუნიციპალიტეტში აიგება 240 808 მეტრი სიგრძის მქონე გაზსადენი. პროექტის დასრულების შემდეგ 4 506 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.