გაზიფიცირების სამუშაოები ქობულეთში
12.09.2019
12 სექტემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალასა და გორგაძეების მცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე გაზიფიცირების პროექტები გააცნეს. აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში.
სოფელ გორგაძეებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება 28 982 გრძივი მეტრი გაზსადენი და 355 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას.
სოფელ ხალაში, 2019 წელს მომზადდება გაზიფიცირებისათვის საჭირო პროექტი და 2020 წელს განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. აშენდება დაახლოებით 37000 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 500-მდე ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმაში დიდი ადგილი უჭირავს აჭარის რეგიონს. 23 დასახლებულ პუნქტში პროექტირება დაწყებულია, ხოლო 202 დასახლებულ პუნქტში წინასაპროექტო მოკვლევა მიმდინარეობს.