გაზიფიცირების სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონში

10.10.2019
  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის გაზიფიცირებისათვის საჭირო  სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  აშენდა 2 887 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 53 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.

გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წელს მომზადდა ქ. წალკისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის კუმისის აგარაკების, კაპანახჩისა და ვახტანგისის გაზიფიცირებისათვის საჭირო პროექტები, ხოლო 2020 წელს განხორციელდება მშენებლობა. არსებული პროექტის შესაბამისად ჯამურად აიგება 67 776 გრძივი მეტრი გაზსადენი, მშენებლობის დასრულების შემდგომ 1 339 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას. 

მიმდინარე წელს განხორციელდა ქვემო ქართლის  რეგიონის 10 სოფლის წინასაპროექტო მოკვლევა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.