გაზიფიცირების სამუშაოები წალენჯიხასა და ჩხოროწყუში
02.10.2019
2 ოქტომბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე გაზიფიცირების პროექტები დაათვალიერა. მან წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მკვებავი გაზსადენებისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მოინახულა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
წალენჯიხასა და ჩხოროწყუში არასოდეს ყოფილა ბუნებრივი გაზი, ამიტომ განსაკუთრებულად მასშტაბური სამუშაოები ტარდება. პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აიგება 39675 მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 132 597 მეტრი სიგრძის მქონე გაზსადენი. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
დაბა ჩხოროწყუში ამჟამად, მიმდინარეობს მკვებავი გაზსადენისა და ქსელის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოები. ჩხოროწყუს გაზიფიცირებისათვის აიგება 24,401მ. სიგრძის მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 68512 მ სიგრძის გაზსადენები. 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.
მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა. სამწლიანი გეგმის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 13 სოფელი, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 19 სოფელი გაზიფიცირდება.