გაზიფიცირების სამუშაოები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
29.10.2019
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე.
აღნიშნულ სოფელში, სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის თანახმად, სამუშაოების დასრულების შედეგად, აშენდება 13 227 გრძივი მეტრი გაზსადენი და 200 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ გაზს. ამავე პროექტში ასევე შედის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც: ტაბაკინი , ქვედა კლდეეთი და თრვინი. პროექტის ფარგლებში ოთხივე სოფელში ჯამურად აშენდება 57 კმ-ზე მეტი გაზსადენი და ჯამში 900-მდე კომლს მიეცემა საშუალება ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლის გაზაფხულზე.