გაზის მეურნეობათა საქმიანი და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაციამ მორიგი შეხვედრა გამართა
12.06.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები ლატვიაში, ქ. იურმალაში გამართულ გაზის მეურნეობათა საქმიანი და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაციის მორიგ შეხვედრას დაესწრნენ და კომპანიის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. პრეზენტაციაში ყურადღება იყო გამახვილებული კომპანიაში ბოლო პერიოდში დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებზე და გაანალიზებულ იქნა განვლილი სამუშაო პერიოდი. შეხვედრა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გაზის სფეროში როგორიცაა კათოდური დაცვის მოწყობილობა ლატვიის გაზის მომარაგების სისტემაში, მაგისტრალური მილების რესურსისა და მილების მთლიანობის შეფასების მეთოდების შესახებ და სხვა.
პრეზენტაციები ასევე, წარმოადგინეს ლატვიის ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა , როგორიცაა: INTRA, CONEXUS BALTIC CRID. შეხვედრის ფორმატში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები აგრეთვე გაეცნენ გაზგამანაწილებელი სადგურების საქმიანობას, მაგისტრალურ გაზსადენებში ოდორიზების პროცესებს, ლატვიის გაზის სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. კერძოდ, საინჟინრო და ტექნიკური პერსონალის გადამზადების, ატესტაციისა და სერთიფიცირების პირობებს. მომავალში ამ სფერობში იგეგმება ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა.
გაზის მეურნეობათა საქმიანი და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაცია აერთიანებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდავეთი, ყაზახეთი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი და სხვა. როგორ წესი ასოციაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან და მსჯელობენ გაზის სფეროში არსებულ სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის განვითარების გაუმჯობესების საკითხებზე. სწავლობენ და იზიარებენ ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას გაზის სფეროში, რაც აუცილებელია გაზის მეურნეობის სტრუქტურული ცვლილებების ევროპული ენერგეტიკული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.
მსაგავსი შეხვედრები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მონაწილეობით გაიმართა დანიაში, ქ. ორხუსში და ბელორუსში ქ. ბრესტში.