საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში 25 879 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდა, რაც 355 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების ღირებულებამ 1 047 318 ლარი შეადგინა.
სამწლიანი გეგმის ფარგლებში, აჭარაში, გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს 3 მუნიციპალიტეტის: ქობულეთის, ქედასა და ხელვაჩაურის 18 სოფელში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 213 772 გრძივი მეტრი გაზსადენი და 3124 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. აღნიშნული სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
საქართველოს მთავრობის მიერ, დამტკიცებული გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში, 295 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება. დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება 229 000 000 ლარს შეადგენს.