შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ქუთაისი-სოხუმის“ DN700 მმ მაგისტრალური გაზსადენის, DN500 მმ „ქობულეთის განშტოების“ 31კმ-ზე მდინარე სუფსის I გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
პროექტის ფარგლებში საჰაერო გადასასვლელზე მოეწყო ორი ახალი დუბლირებული ბურჯი. აღნიშნული სამუშაოები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედ გადასასვლელს, ჭარბი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ დაუზიანა რამდენიმე და გამოაცალა ერთი ბურჯი, რის გამოც საფრთხე შეექმნა „ქობულეთის განშტოების“ DN500 მმ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას, რომლის საშუალებითაც ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და გურიის რეგიონის გაზმომარაგება.
გაზსადენის სარეაბილიტაციო ღონისძიებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ საპროექტო სამმართველოს მიერ, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, კომპანიის დასავლეთის ფილიალის პერსონალის ჩართულობით.
შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.