ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები ჭალა და აცანა გაზიფიცირდება
09.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭალასა და აცანას გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში ორივე სოფელში აშენდება 38 542 გრძივი მეტრი გაზსადენი. სამუშაოები მიმდინარე წლის, ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 1 391 236 ლარს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა ჭალასა და აცანაში მცხოვრებ 503 ოჯახს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინათის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მზიანისა და დაბალი ეწერის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.
მიმდინარე წელს მომზადდება 3 მუნიციპალიტეტის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის 19 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.
2019-2021 წლებში გურიაში 3 მუნიციპალიტეტის 31 სოფელი გაზიფიცირდება.