ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ეწვია, სადაც მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნო. მინისტრი ორივე დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაზიფიცირებისა და სხვა სამთავრობო პროგრამებზე ესაუბრა. ორივე მუნციპალიტეტი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.
„ჯერ კიდევ შემოდგომაზე ადგილობრივ მოსახლეობას შევპირდით, რომ სამეგრელოში, ყველგან, სადაც არ არის ჯერ ბუნებრივი აირი, ამ სამუშაოებს განვახორციელებდით. დღეს უკვე წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მივულოცეთ მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება. ეს დღე ორივე მუნიციპალიტეტისთვის ისტორიულია, რადგან აქ ისტორიულად ბუნებრივი აირის არასდროს ყოფილა, არც კომუნისტური მმართველობის დროს, არც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ჩხოროწყუსთვის, ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის ისტორიული მომენტი” - განაცხდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირებული პროგრამის ფარგლებში იხარჯება 209 მილიონ ლარზე მეტი. ბუნებრივ აირს 226 სხვადასხვა დასახლებული პუნქტი მიიღებს, აქედან სამოცდაათზე მეტი ლოკაცია სამეგრელოშია, რაც მისასალმებელია. „სახლებში ბუნებრივი აირი ნიშნავს მეტი დასაქმების შესაძლებლობას, აგროტურიზმის, სასტუმროების, მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებას. კონკრეტულად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, სადაც დღეს ვიმყოფებოდი, 30 მილიონამდე იხარჯება, დიდი ოდენობით ტექნიკა გვყავს მობილიზებული და რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ყველაფერი დათქმულ დროში და ვადებში შევასრულოთ“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სამწლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი. პროექტის დასრულების შემდეგ 13 000-ზე მეტი აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას.