შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „საგურამო-ქუთაისის“ DN700 მმ მაგისტრალური გაზსადენის, 126 კმ-ზე გარეცხილი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
აღნიშნული სამუშაოები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ჭარბი ნალექის შედეგად გაზსადენის დერეფანი ინტენსიურად ირეცხებოდა და გაზსადენის დიდი მონაკვეთი აღმოჩნდა ჰაერში, რის გამოც საფრთხე შეექმნა „საგურამო-ქუთაისის“ DN700 მმ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას, რომლის საშუალებითაც ხდება დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგება.
გაზსადენის სარეაბილიტაციო ღონისძიებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამმართველოს მიერ, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა კომპანიის დასავლეთის ფილიალის მიერ, ფილიალის მთავარი ინჟინერის ხელმძღავნელობით და ჩრდილოეთის ფილიალის პერსონალის ჩართულობით.
პროექტის ფარგლებში გარეცხილი მონაკვეთი გამაგრდა გაბიონებით, შეივსო გრუნტით და ფერდობზე ჩამონადენი წყლის არიდების მიზნით მოეწყო ბერმები.
შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.