მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელ გუნდს შეხვდნენ. გასაუბრება მიმდინარეობდა ინდივიდუალურ რეჟიმში. კომპანია ერთ-ერთია, რომელსაც სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაციის რეფორმის პირველი ეტაპი შეეხება. ამჟამად, მსოფილიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების“ პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკი მუშაობს რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს, მათ შორის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ შეფასებაზე. შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები კომპანიაში კარგი კორპორაციული მართვის დანერგვის და მისი ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით. შეხვედრები რამდენიმე ნაწილად ჩატარდება და აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდება.
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ) გეგმავს სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციას ფისკალური რისკების მართვისა და შერბილების, ასევე კარგი მმართველობის დანერგვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის „სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“ განკარგულების თანახმად უკვე დაევალა „კორპორაციული განზრახვის განაცხადის“ წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის.