წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

28.04.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
ბერთაში, კუშში, ოზნსა და კიზილ-კილისაში პროექტის ფარგლებში აშენდა 45 525 გრძივი მეტრი გაზსადენი და 720 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ  2 062 349 ლარი შეადგინა.
გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში, ამჟამად, წალკაში დასრულებულია 12 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. აშენდა 166 743 გრძივი მეტრი გაზსადენი და 3 871 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.