ახალი ამბები

03.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 143 კმ-ზე, სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დროსაც მდინარე არყალისხევზე მიწისქვეშა გადასასვლელი მიწისზედა გადასასვლელით შეიცვლება. მდინარემ ადიდების შედეგად გააშიშვლა გაზსადენი და საშიშროება შეექმნა მის ფუნქციონირებას. განმეორებითი ბუნებრივი სტიქიის შემთხვევაში იქნებოდა საფრთხე გაზსადენის დაზიანებისა. ამიტომ, პრევენციის მიზნით კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე.  დამუშავდა საინჟინრო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიწისზედა გადასასვლელის აგებას, რაც უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ მუშაობას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქვეყნის უსაფრთხო და საიმედო  გაზმომარაგების მიზნით, მუდმივად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს.     
03.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, სენაკის (გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა, ქვედა სორტა), ლაგოდეხის (დავითიანი, შეერთება, ქვემო გურგენიანი, ზემო გურგენიანი, ხიზაბავრა, ზემო ხიზა)  დედოფლისწყაროსა (არხილოსკალო, ქვემო ქედი) და თერჯოლის (ჩიხორი) მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. ჯამში აიგება 203654 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელიც 3778 აბონენტს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. მალე სამუშაოები დაიწყება დედოფლისწყაროს კიდევ 3 სოფელში: საბათლო, ფიროსმანსა და სამთაწყაროში, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთვება 742 ოჯახი. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.   
18.07.2018
გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში. პროექტს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ახორციელებს. კერძოდ, მიმდინარეობს 5.534 გრძივი მეტრი გაზსადენის მშენებლობა. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა  მიეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ჩიტაურები, ჭალისოფელი, ზენუბანი) მცხოვრებ 54 ოჯახს. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ რეგიონების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.   
06.07.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ “ქუთაისი-სოხუმის“ DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის 83-ე კმ-ზე, მდინარე ხობისწყალზე არსებულ საჰაერო გადასასვლელზე, მილსადენის 100მ ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრის სამუშაოები დაასრულა. მდინარე ხობისწყალმა მორეცხა მარცხენა ნაპირი და საშიშროება შეუქმნა მიწისქვეშ არსებულ გაზსადენს, რის გამოც მოხდა საჰაერო გადასასვლელის აგება და დაგრძელება. პარალელურად, ხობისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების განშტოებებზე ძველი ონკანები ახლით შეიცვალა, რაც ორგანიზაციულ-ტექნიკური გეგმით იყო გათვალისწინებული. ამავდროულად  სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ოთხ კოროზიულ მონაკვეთს და მოხდა მათი აღდგენა. აღნიშნული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას.